ერთ წელში 70 400 ლარი - რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნული პოსტი 2019 წლის ივნისში დატოვა. რამდენიმე დღეში კი, საქმიანობა მთავრობის ადმინისტრაციაში განაგრძო, სადაც სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თანამდებობა დაიკავა.

„ბიზნესპრესიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. როგორც მის მიერ 2020 წლის 19 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ, დავით სეგეენკოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობის სანაცვლოდ, 6 თვეში (2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 18 ივნისამდე) ხელფასის სახით 37 500 ლარი აქვს აღებული.

რაც შეეხება მის ახალ თანამდებობას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობისთვის, 2019 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის დეკემბრის ჩავლით 32 900 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით სერგეენკო ფლობს 2006 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომლის ღირებულებაც 49 000 დოლარია. ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელიც 2006 წელს 2000 ლარად არის შეძენილი (აღნიშინული ფართის 50% მისი მეუღლის საკუთრებაშია).

გარდა ამისა, დავით სერგეენკოს სახელზეა რეგისტრირებული ავტომობილი Toyota Prado AF311FA, რომელიც 2014 წელს 39 200 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დავით სერგეენკო დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: საქართველოს ბანკის სახელფასოზე - 7023,39 ლარს.

ნინი ქეთელაური