ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა გაიხსნა

ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების მწარმოებელი, ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა გაიხსნა. პროექტის განმახორციელებლია გერმანული ბრენდი „ეი სოლარი“, რომელიც უკვე მესამე წელია, რაც საქართველოში მოღვაწეობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ქარხნის წლიური მოცულობაა 500 მეგავატია. ამჟამად კი, „ეი სოლარის“ საერთო ჯამური წარმადობა 1 გიგავატს აღემატება.

მათივე ინფორმაციით, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის უმაღლესი ხარისხის მზის პანელებს 70-მდე ქვეყანას აწვდის.

ამასთან, კომპანიას ამჟამად 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული. სამომავლოდ კი, მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს.

„ეი სოლარის“ გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით „ეი სოლარი“ მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც.

„ეი სოლარი“ მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

„ეი სოლარი“ ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით. საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. „ეი სოლარის“ მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე დაგეგმილია 300 ადგილობრივის დასაქმება. ასევე, მათი დატრეინინგება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპელი პროფესიონალების მიერ. ამასთან, მოლაპარაკებები მიმდინარებს პროფესიული სწავლების პროგრამის შექმნაზეც მზის ენერგიის გამოყენებისა და მზის პანელების საწარმოო ხაზის ირგვლივ.

„კომპანია აქამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული და 70-მდე ქვეყანას აწვდის მზის პანელებს, დღეს უკვე იგეგმება საქართველოს ბაზრის აქტიურად ათვისებაც და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. „ეი სოლარის“ მიზანია ადგილობრივად წაახალისოს „გრინ ენერჯი“ და ამისათვის გამოიყენოს ხელთ არსებული რესურსი. რაც შეეხება ინვესტიციას, ის არის პირდაპირი ინვესტიცია კერძო სექტორიდან “,-აღნიშნავენ კომპანიაში.