ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყველა ტელევიზია თანაბარ პირობებში ჩადგა და სახეზე დიდი პროგრესია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს საკომიტეტო მოსმენაზე არმისვლის განმარტებისას განუცხადა.
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე უნდა ესაუბრა, სწორედ ტელეკომპანიების დავალიანებას ეხება. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარისას აღნიშნა, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ყველა ტელევიზიას მიმდინარე გადასახადის გადახდა მოეთხოვა და დაიწყო მოლაპარაკებები ძველი დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთანხმებაზე, შედეგად 2019 წელს, ბოლო 3 თვეში 5 მილიონით მეტი თანხა შევიდა ბიუჯეტში.
მაჭავარიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ტელევიზიები ხშირად აკრიტიკებენ, გადახდის ასეთი სამართლიანი პირობები აქამდე არ ყოფილა.
„წელს ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით, 22 მილიონი შემოვა ბიუჯეტში. მე მგონი, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ვიცი, რომ პატარა ტელევიზიები ზოგჯერ მაკრიტიკებენ ამ საკითხზე, თუმცა, მინდა ვუთხრა, რომ დღეს ასეთი თანაბარი და ასეთი სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის განმარტებით, სამინისტრო, დავალიანების დაფარვის ტელევიზიების მიერ წარმოდგენილ გრაფიკს სავარაუდოდ, დათანხმდება.
„პატარა, საშუალო, რეგიონალური - ყველა ტელევიზია ერთი და იგივე მდგომარეობაში ჩადგა. რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, იმ მსხვილმა ტელევიზიებმა, რომელთაც ძველი დავალიანებები ჰქონდათ, უკვე წარმოადგინეს გრაფიკი ფინანსთა სამინისტროში, 5-წლიანი გეგმა თანაბარი გადახდით, ყოველწლიურად, რასაც განვიხილავთ და დიდი ალბათობით, ამ პირობებს დავეთანხმებით.
დღეს ყველა ტელევიზია მიმდინარეს იხდის, ეს არ არის ბოლო წლების პრობლემა, პრაქტიკულად, 90-იანი წლებიდან ეს ქრონიკული პრობლემა იყო, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. მსხვილი ტელევიზიები რატომღაც თვლიდნენ, რომ აქვთ უფლება დააშანტაჟონ, ან ამით ისპეკულირონ. მცირე ტელევიზიები ყოველთვის იხდიდნენ. მე მგონია, რომ ეს გასწორდა. რადგან ამის გასწორება დავიწყეთ, რადგან დღგ-ს თაღლითობის სქემების გასწორება დავიწყეთ, რა საკვირველია, მთელი დარტყმა შენსკენ მოდის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწორ გზაზე ვართ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.