საპენსიო სააგენტოს შესაძლებლობა ექნება ინვესტიცია უფრო მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტში განახორციელოს

საპენსიო სააგენტოს შესაძლებლობა ექნება უფრო მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტში (ფასიან ქაღალდებში) განახორციელოს ინვესტიცია.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესაბამის პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, იზრდება პოტენციური საინვესტიციო ინსტრუმენტების არეალი, რომლებშიც საპენსიო დანაზოგის ინვესტირებაა შესაძლებელი.

უფრო კონკრეტულად, განმარტებითი ბარათის თანახმად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის ამჟამინდელი ჩანაწერი საშუალებას არ აძლევს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც საპენსიო სააგენტოს დეპოზიტარულ მომსახურებას უწევენ, რომ ასევე მიიღონ საპენსიო სააგენტოს დანაზოგებიდან ინვესტიციები საკუთარი ან მათთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტარს ამ ცვლილებით შეეძლება, რომ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში გაუწიონ საპენსიო სააგენტოს დეპოზიტარული მომსახურება და ამავე დროს საკუთარი ან მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდით მოახდინოს დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა.

„ადგილობრივ ბაზარზე არც ისე დიდი რაოდენობაა ფასიანი ქაღალდების, რომ სააგენტომ მოახდინოს ინვესტირება და ასევე არც ბევრი ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც შესაძლოა, ასეთი მომსახურება გაუწიოს სააგენტოს.

ეს გახდის პორტფელს უფრო მეტად დივერსიფიცირებულს და ხელს შეუწყობს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციას და დადებითად აისახება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო აქტივებიდან მისაღებ შემოსავალზე“, -აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის ავტორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი არიან, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.