ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებსა და მასში გაერთიანებული კომპანიების წარმომადგენლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა, ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას.
„ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას. იმედი გვაქვს, რომ წინადადებები, რომლებიც გამოითქვა კერძო სექტორიდან, იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი.
ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი საინვესტიციო პროექტის „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის დროსაც საპრივატიზებო აუქციონებში მონაწილე პირებს სთავაზობენ უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარაა მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ცოტა ხნის წინ პროექტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტიც დაემატა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.
„ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და ჩვენს მის განხორციელებას მხარს დავუჭერთ,“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.