ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ურთაში, ორსანტიაში, ანაკლიაში, ზუგდიდში, ქ. ფოთში, ასევე, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 1,758 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 39 კგ. და 400 გრამი უაქციზო თუთუნის შენახვა, -გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო ერთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა.