საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც გარკვეული მომსახურების დღგ-სგან გათავისუფლებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვება და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.

რაც შეეხება კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებს, ცვლილებები შეეხო საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას. მათ შორის, კანონპროექტის მიხედვით, იქმნება შესაძლებლობა მეორადი საქონლის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება დაიბეგროს მოგების მარჟის მიხედვით.

განმარტებითი ბარათის თანახმად, სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება. ასევე, დაბეგვრისგან თავისუფლდება რელიგიური ორგანიზაციის მიერ პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება, მათ შორის, სამედიცინო ან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით და სხვა.

ამასთან, კანონპროექტს ახლავს რეგულირების გავლენის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტი გადასახადის გადამხდელებზე გავლენას იქონიებს. კერძოდ, სავარაუდო სარგებელი ბიზნესისათვის კანონოპროექტის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში შეადგენს 1 666 686 ლარს.

„ შესაძლოა, გაიზარდოს საქველმოქმედო მიზნით განხორციელებული უსასყიდლოდ მიწოდებული საქონლის/მომსახურების ოპერაციების რაოდენობა, შესაბამისი საგადასახადო ტვირთის შემცირების გამო“,-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობაა.