სამუშაო დრო საქართველოში კიდევ ერთმა კომპანიამ შეამცირა. საუბარია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე, სადაც აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, პარასკევს სამუშაო პერიოდი მხოლოდ 4 საათით განისაზღვრება.
„საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა“,- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამუშაო გრაფიკი უკვე რამდენიმე კომპანიამ შეამცირა. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში 4-დღიან სამუშაო კვირაზე სამი კომპანია გადავიდა.
ამას წინ უძღოდა 2019 წელს უმსხვილესი ამერიკული კომპანია Microsoft-ის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დაწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა.
Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ შემთხვევაშიც, შედეგი პროდუქტიულობის ზრდა იყო.
საქართველოში პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამოწვევა 2019 წლის ნოემბერში მიიღო, Insource იყო. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი პროდუქტიულობის გაზრდა და შედეგების გაუმჯობესება იყო.
მეორე კომპანია, რომელიც ინიციატივას შეუერთდა, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტია. კომპანია 4-დღიან სამუშაო კვირაზე 2020 წლის იანვარში გადავიდა.
4-დღიან სამუშაო გრაფიკი მოქმედებს დიზაინერული სტუდია Studio impulse-შიც, რომელიც ბრენდებისთვის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას ქმნის. თუმცა ასეთ სისტემაზე კომპანია ახლა არ გადასულა, Studio impulse-ში 4-დღიანი სამუშაო კვირა 2018 წლის აპრილიდან, დაარსების დღიდან მოქმედებს.