უკრაინაში ქართული ღვინის ექსპორტი 10-15%-ით შემცირდა

ომის გამო ქართული პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში მნიშვნელოვნად შემცირდა

უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უარყოფითი დაღი დაასვა არა მარტო ამ ქვეყნის ცხოვრებას, არამედ მისი მეზობლებისა და მოკავშირეების ყოველდღიურ ყოფასაც. უკრაინა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სავაჭრო პარტნიორი იყო, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება, თუმცა, ომის გამო ქართული პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში მნიშვნელოვნად შემცირდა, გამონაკლისს ამ მხრივ არც ქართული ღვინო წარმოადგენს. ჩვენი ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში უკრაინაში პროდუქციის ექსპორტის ზრდა აღინიშნებოდა, წელს კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - შემცირებულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნებისმიერი ომი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბიზნესს.

ამ საკითხთან დაკავშირებით Bpn.ge ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან დავითაშვილს ესაუბრა.

ლევან დავითაშვილი: რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა თავისი გავლენა ქართული ღვინის ინდუსტრიაზეც იქონია: თუ წინა წლებში ჩვენი ღვინის ექსპორტის აშკარა ზრდა შეინიშნებოდა, წელს უკვე შემცირება აღინიშნა. მართალია, ქართული ღვინის ექსპორტი უკრაინის მიმართულებით შეჩერებული არ არის, თუმცა ვხედავთ, რომ საშუალოდ 10-15 %-ით შემცირდა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზუსტ ციფრებსა და მონაცემებს ალბათ წლის ბოლოს გამოვაქვეყნებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვამბობ იმას, რაც უკვე აშკარაა. ეს პროცესი უპირველესად ღვინის ექსპორტს შეეხო, მაგრამ კიდევ უფრო შემცირებულია საბრენდე სპირტების ექსპორტი. რასაკვირველია, ეს არ არის დადებითი მოვლენა, თუმცა ქართული ღვინის კომპანიები ყველანაირად ცდილობენ, უკრაინული ბაზარი არ დაკარგონ. როდესაც ქვეყანაში საომარი სიტუაციაა, იქ მოსახლეობა ძირითადად პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებს ყიდულობს, რადგან მისი მსყიდველობითუნარიანობა შემცირებულია. თუმცა ქართული კომპანიები ყველანაირად ცდილობენ შეინარჩუნონ უკრაინული ბაზარი და არ მოდუნდნენ, იმიტომ რომ, როდესაც სიტუაცია გამოსწორდება, ამ ბაზარს ვიღაც სხვა დაიკავებს. ყველანი ველოდებით, რომ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდება. მათ შორის, ქართული ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც.

დავითაშვილის შეფასებით, ექსპორტის შემცირება იმდენად ლოჯისტიკური პრობლემებით არ არის გამოწვეული, რამდენადაც უკრაინის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაქვეითებით: ”პოლიტიკურ პრობლემებს ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური პრობლემები -ეს უკვე ყველასათვის ცნობილი ფაქტია, ასე მოხდა უკრაინაშიც. ყირიმი ხომ საერთოდ გაურკვეველი ზონაა, ის ოკუპირებულია და ამ რეგიონთან საერთოდ გაწყვეტილი გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები. ეს მაშინ, როცა შარშან ყირიმშიც კარგი მდგომარეობა გვქონდა და წინა წლებთან შედარებით იქაც შეინიშნებოდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა. წელსაც ზრდას ველოდით და თუ რეალურად ვიანგარიშებთ, ზარალი 10-15% პროცენტი კი არა, უფრო მეტია - დაახლოებით 20-25% პროცენტი დავკარგეთ იმ შემოსავლიდან, რომელსაც წელს ქართული ღვინის კომპანიები უკრაინიდან ელოდნენ. რასაკვირველია, ჩვენს შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინული გრივნის ცვალებადობამ, შეზღუდვებმა სავალუტო ტრანზაქციებსა და საერთაშორისო ტრანსფერებზე და სხვა უსიამოვნო ფაქტორებმა... ასე რომ, 2014 წელი უკრაინაში მოქმედი ქართული ღვინის კომპანიებისათვის მომგებიანი ნამდვილად არ აღმოჩნდა”.

ანალოგიურ შეფასებებს აკეთებენ ქართული ღვინის კომპანიებშიც. ყველა კომპანია, რომელსაც უკრაინაში თავისი ნაწარმი გააქვს, ან იმპორტს ახორციელებს, ზარალზე საუბრობს.

ზაზა დუგლაძე -”დუგლაძეების ღვინის კომპანიის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი: ”უკრაინაში პროდუქციის იმპორტიც შეგვიმცირდა და ექსპორტიც, ეს გამოწვეულია იმით, რაც უკრაინაში ხდება. მართალია, საომარი მოქმედებები მთელი ქვეყნის ტერიტორიას არ მოიცავს, მაგრამ ყირიმის მხარეში გაუგებარი სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კარგი პარტნიორები გვყავს, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ ვერ გაგვქონდა პროდუქცია. ბუნებრივია, პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებას დღემდე ველოდებით. იგივე განწყობაა სხვა კომპანიებშიც.

ჩვენ უკვე კარგა ხანია ვთანამშრომლობთ უკრაინულ სადისტრიბუციო ფირმასთან, რომელიც ჩვენი პროდუქციას რეალიზაციას ახდენს ურაინაში, ამავე დროს იქაური პროდუქციითაც გვამარაგებს. მათ ჩვენთან შემოაქვთ უკრაინული არაყი, ბრენდი, შუშხუნა ღვინოები და ა.შ... ასე რომ, უკრაინაში პროდუქციის ექსპორტსაც ვახორციელებთ და იმპორტსაც. საომარმა მდგომარეობამ ორივე სეგმენტზე უარყოფითად იმოქმედა. თუმცა, რეგიონსაც გააჩნია, ზოგან იგივე მდგომარეობა შევინარჩუნეთ, რაც გვქონდა, მაგრამ ცხელ წერტილებში მუშაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ”.

ფაქტია, რომ 2013 წელთან შედარებით უკრაინის ბაზარზე მოქმედ ყველა ქართულ კომპანიას გაყიდვები შეუმცირდა, თუმცა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ზარალის კომპენსაცია ასე თუ ისე ხერხდება. ეს იმიტომ, რომ გაიზარდა ქართული ღვინის რეალიზაცია პოლონეთში, ჩინეთში, რუსეთში და აქედან გამომდინარე, იმედი აქვთ, რომ საბოლოო შედეგები მაინც დამაიმედებელი იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე