ეკონომიკის რომელ სექტორებს აზარალებს კორონა ვირუსი და ვინ ნახა უკვე სარგებელი

კორონა ვირუსის ეპიდემიამ და ვირუსის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელებამ საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის უმეტეს დარგზე უარყოფითად იმოქმედა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნეგატიური ეფექტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

კორონავირუსმა მსხვილი ბანკებით დაწყებული და ტურიზმით დამთავრებული, ეკონომიკის არაერთი სექტორი დააზარალა. თუმცა, რამდენიმე კომპანიამ კორონა ვირუსის გავრცელების შედეგად მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა და მათი აქციების ფასი გაიზრდა.

კორონავირუსით დაზარალებული სექტორების ჩამონათვალი ასეთია:

წარმოების ქსელი: იმის გამო, რომ ასობით ცნობილი კომპანიის პროდუქციას ძირთადად ჩინეთში აწარმოებენ, მსოფლიოს მასშტაბით ისეთი კომპანიების გაყიდვები, როგორებიცაა Apple, Nike და Microsoft, მნიშვნელოვნად შემცირდა. Apple-ის საფონდო ინდექსი 3.4%-ით, ხოლო Microsoft-ის 2.6%-ით შემცირდა.

CNN-ის ინფორმაციით მსხვილი კომპანიების გარდა, კორონა ვირუსის საფრთხემ ჩინეთში არსებული მცირე საწარმოები და ბიზნესებიც დააზარალა, რომლებსაც საკუთარი პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე გაჰქონდათ.

Euronews-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა და მისი ფასი 3.7%-ით დაეცა.

საფინანსო სექტორი: კორონა ვირუსის გავრცელებამ ასევე უარყოფითად იმოქმედა საბანკო სექტორზეც. JPMorgan Chase-ის საფონდო ინდექსი 2.1%-ით, ხოლო Bank of America-ს მაჩვენებელი 4.4%-ით შემცირდა.

ტვირთების გადაზიდვა: კორონა ვირუსის გამო ამანათების საერთაშორისო გადაზიდვასა და ნივთების ინტერნეტის მეშვეობით შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდა. მსხვილმა ავიაგადამზიდმა კომპანია Air France- KLM-მა განაცხადა, რომ თებერვალ-აპრილის მონაკვეთში მათი შემოსავალი დაახლოებით 150-200 მილიონი ევროთი შემცირდება.

ტურიზმი: კორონა ვირუსის გავრცელებამ ასევე ნეგატიური გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე. არაერთმა ქვეყანამ ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა შეწყვიტა. საფრთხის გამო გაუქმდა ასობით ავიარეისი, ათასობით ადამიანმა კი სამოგზაუროდ წასვლაზე უარი თქვა.

მსოფლიოს უმსხვილესი საკრუიზო და ავიაკომპანიების საფონდო ინდექსი მნიშვნელოვნად დაეცა, მათ შორის, American Airlines-ის 8.2%, Delta Air Lines-ის 5.8%, British Airways-ის 9%, Carnival Cruise Line-ის 7.9%, ხოლო Royal Caribbean Cruises-ის 7.7%-ით შემცირდა.

კორონა ვირუსმა ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა სასტუმროების ბიზნესი. მხოლოდ უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, რომელიც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს, სასტუმროს 40 000-ზე მეტი ჯავშანი გაუქმდა.

ჩინელი ტურისტების შემცირების გამო დიდ ზარალს განიცდიან პოპულარული ევროპული კურორტებიც. ათასობით დამსვენებელი მთელი მსოფლიოდან თავს არიდებს იმ ადგილებს, სადაც, როგორც წესი, განსაკუთრებით ბევრი ჩინელი ჩადის.

ბრენდული ტანსაცმელი

ფუფუნების ბრენდი Burberry, ისევე, როგორც ამ კატეგორიის სხვა ძვირად ღირებული კომპანიები, აღნიშნავენ, რომ ჩინეთში მათი ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია. მეტიც, შესაძლოა, სექტორი კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ კორონა ვირუსის გავრცელება არ გაჩერდა.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, დაავადებამ ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა სხვა ყველა ფუფუნების საგნების მწარმოებლებიც. მუშაობა დღემდე შეჩერებული აქვს ჩინეთის „დისნეი ლენდს“, სტარბაქსის და მაკდონალდსის რამდენიმე ასეულ ობიექტს.

სექტორები, რომლებმაც კორონავირუსით სარგებელი ნახეს

მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსმა დარგების უმეტესობაზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა, რამდენიმე კომპანიის საფონდო ინდექსი გაიზარდა.

ფარმაცევტული კომპანიები: კორონა ვირუსის გავრცელებამ საფონდო ბირჟაზე ფარმაცევტული კომპანიების აქციების გაძვირება გამოიწვია. ყველაზე მეტად კომპანია Novacyt-ის აქციების ფასი გაიზარდა. კომპანია ტესტებს ამზადებს, ვირუსის ტესტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ადგენს, აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.

27%-ით გაიზარდა სამედიცინო ნიღბებისა და თავდაცვის ქიმიური საშუალებების მწარმოებელი კომპანიის, Allied Healthcare-ის აქციები. კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად კომპანიამ 9-მილიონიანი გრანტი მიიღო.

Gilead Sciences- ერთ-ერთი ამერიკული ბიოტექნოლოგიების კომპანია, რომელიც ამჟამად კორონა ვირუსის დასამარცხებელი პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. კომპანიის ინდექსი 3.9%-ით გაიზარდა.

1.7%-ით გაიზარდა ამერიკული კომპანიის Clorox-ის საფონდო ინდექსი, რომელიც სადეზინფექციო ქიმიური ხსნარების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

ონლაინ მომსახურება: 40%-ით გაიზარდა მოთხოვნა ვებ-გვერდ Zoom Video-ზე, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ჩინელი მუშაობასა და კოლეგებთან კომუნიკაციას სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით ახერხებს.

CNBC-ის ინფორმაციით, 5%-ით გაიზარდა აპლიკაცია Teladoc-ის საფონდო ინდექსი, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ექიმს დაუკავშირდეს და ჯანმრთელობის შესახებ საჭირო ინფორმაცია მოისმინოს.

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია დაღუპული, 35 კი მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიოში ვირუსი 80 067 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 77 658 შემთხვევა ჩინეთშია დაფიქსირებული.

ბექა ბერიაშვილი