პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2 მლნ ლარი დაჯდება

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად ესტაკადის მშენებლობა 2 მლნ ლარი დაჯდება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოში გუშინ ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად თანხმობა ითხოვა. პროექტებზე ურბანული დაგეგმარების საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილისა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის დასკვნები იყო წარდგენილი.

სხდომას საკრებულოს თავჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდა. წარდგენილი 54 პროექტიდან დეპუტატების უკმაყოფილება რამდენიმე საკითხმა გამოიწვია, რომელთაგან ერთ-ერთი დედაქალაქში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აშენებას ითვალისწინებს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს.

ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოს "ნაციონალური მოძაობის" დეპუტატებმა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. სევდია უგრეხელიძის თქმით, იგი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მოწყობის წინააღმდეგია, ვიანიდან იმ ადგილზე თბილისში შემოსასვლელი ისტორიული კედელი და გალავანია. მისივე განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ესტაკადის მშენებლობით ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს ზიანი მიადგეს.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ კი ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სოლოლაკის უბნის განტვირთვა იმ საცობებისგან, რომელიც დღეს არსებობს. მისივე თქმით, კოჯრისა და ტაბახმელას მიმართულებიდან მოძრავი მანქანები სანაპირო ზოლზე მოსახვედრად ამ ტერიტორიას იყენებენ, სადაც უამრავი ავარიული სახლია. ეს კი აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს ცუდ მდგომარეობაში აგდებს.

სუდაძის განმარტებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ითქვას, რომ ისტორიულ ძეგლს რაიმე საშიშროება დაემუქრება.