თბილისში ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენცია, ხვალ, 26 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ გაიხსნება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ :მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი, საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ასევე საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
უწყების ინფორმაციით, კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020“-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
„კონფერენციის ფარგლებში სამი პანელი გაიმართება, რომლებშიც სპიკერები იქნებიან როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები. პანელების მიმდინარეობისას დისკუსია წარიმართება შემდეგ თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკა გლობალურ კონტექსტში. ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და ა.შ.“-ნათქვამია ინფორმაციაში.