ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ-ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოიყენეს მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით.