პროგრამით - "აწარმოე საქართველოში" მსხვილი ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ

"აწარმოე საქართველოში" – ამ პროგრამით მსხვილი ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ, - ამის შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო. კონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ადგილობრივ ბიზნესმენებზე, არამედ უცხოელ ინვესტორებზეც.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლა აქვს უნიკალური შანსი, მოიზიდოს დასავლური, ამერიკული კაპიტალი და დანერგოს მაღალი ტექნოლოგიები. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტულ შედეგებს საქართველო უახლოეს მომავალში დაინახავს. ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკ რუბინი, ასევე მსხვილი კომპანიების - BP ამერიკის,AGBC-ის, PR Energy-ის, Tethyს Petrolium-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.