კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა 28 თებერვალს იწურება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა 28 თებერვალს იწურება. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კომპანიებს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დაზარალებულებისთვის დიღომში საცხოვრებელი აშენდება.

"კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ვართ დედაქალაქის ის მთავრობა, ვინც დაიწყო ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. ეს არის პრობლემა რომელიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს და 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული, რომელიც სახელმწიფოს აქვს აღიარებული. 9 კონკრეტული მიწის ნაკვეთი გვქონდა გამოყოფილი და გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ამ 9 ობიექტიდან დაზარალებულებს 58 300 კვ.მ. თეთრი კარკასის ფართები უნდა გადაეცეთ. გამოვიტანეთ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც განთავსებულია დიღომში 5600 კვ.მ-ზე და ინტერესთა გამოხატვაში ყველა დაინტერესებულ კომპანიას აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს. 28 თებერვალამდე არის განაცხადების შემოტანის ვადა. ვინც ყველაზე მეტ საცხოვრებელ ფართს შესთავაზებს დაზარალებულ ადამიანებს, ის იქნება გამარჯვებული. მინიმალური ოდენობა არის 2600 კვ.მ. დარწმუნებული ვარ, ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთით და ხელს შეუწყობენ დაზარალებულ ადამიანებს",- განაცხადა კალაძემ.