საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას. როგორც გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა საქართველოს მომავალია.
„პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა აკეთებს იმას, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული ბიზნესგარემო შეიქმნას, განსაკუთრებული ბიზნეს კლიმატი იმისთვის, რომ ყველა სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყოს, განსაკურებით სერვისის სფეროში. ყველას კარგად გვესმის, რომ ამას ბევრი წელი სჭირდება. სერვისებს სჭირდება მაღალი დონის კომპეტენცია, სერვისზე ორიენტირებული ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. სწორედ ამიტომ, მსგავს კონფერენციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ბიზნესმა, ექსპერტთა საზოგადოებამ, მთავრობამ სწორედ ვიპოვოთ ქვეყნის როლი როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ კონტექსტში“, - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაცია და კონკურენტული ბაზრის შექმნაა.
„დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“, - განაცხადა გახარიამ.