თბილისის მერია სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის რეაბილიტაციას გეგმავს

სამგორი-ვაზისუბნის საბაგირო გზის რეაბილიტაციის შესახებ დეტალები ფრანგულ კომპანია "პომაგალსკისთან" მორიგი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გუშინ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანიასთან მთავარი მომლაპარაკებელი ფინანსთა სამინისტროა. ნარმანიას თქმით, ძველი მარშრუტი მონახაზის დონეზეა და ტექნიკურ დეტალებზე საუბარი კომპანიასთან შემდეგ შეხვედრაზე შედგება.

"პომა” ფრანგული კომპანიაა და ის საბაგირო გზების მშენებლობაში მსოფლიო სამეულშია. როდესაც ჭიათურის საბაგირო გზები განვიხილეთ, ისინი თბილისითაც დაინტერესდნენ და მე დავუდასტურე, რომ თბილისში საბაგირო გზების მშენებლობა მნიშვნელოვანია. ძველი მარშრუტი მონახაზის დონეზეა. შემდგომი ჩამოსვლისას საუბარი ტექნიკურ დეტალებზე იქნება და ჩვენც ჩავერთვებით ამ პროცესში", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

"პომა" საბაგირო გზების მშენებლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კომპანიაა, რომლის საინვესტიციო-საკონსულტაციო ოფისები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული.