ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია.
მისი პოპულარობა როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისე აზიის ქვეყნებშიც იზრდება, სადაც ყავის ხარისხს უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.
2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპელთა 67%-ს ყავის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. რესპონდენთა 40%-მა კი განაცხადა, რომ ყავა მათი დღის უკეთესი დასაწყისის საწინდარია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის დაახლოებით, 64% ყოველდღიურად ერთ ჭიქა ყავას მაინც მოიხმარს , საშუალოდ, კი ქვეყნის მასშტაბით, ყოველდღიურად, 3.2 ჭიქა ყავას მიირთმევენ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი სახალისო დეტალიც: ყავის მომხმარებელთა 55%-ს მისთვის თავის დანებებას წონაში მომატება ურჩევნია.
ყველაზე მეტ ყავას კი ფინეთში მოიხმარენ. 8-9 ჭიქა აქ ნორმად მიიჩნევა, თუმცა შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც საყვარელ სასმელს 30-ჯერაც მიირთმევენ, რაც რეკომენდებული არ არის. ფინეთში ეს ტრადიცია როგორც ყავის გემოვნური თვისებებისა და ეფექტის, ისე უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამოც დამკვირდა - ჩრდილოეთ ფინეთში ზამთრის ტემპერატურა ხანდახან -40 გრადუსს აღწევს, შესაბამისად, ხშირად, ცხელი, მატონიზირებელი სითხე გჭირდება, რომ სანამ სამსახურიდან სახლში დაბრუნდები, „გადარჩე“.
რა სახის ყავას მოიხმარენ ევროპელები?
ევროპაში ყველაზე პოპულარული ესპრესო და მის ბაზაზე მომზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქტია.ესპრესოს პირველი აპარატი იტალიაში დამზადდა და მისი მომზადების კულტურაც სწორედ აქედან მოდის.
ევროპაში ყავის სმის კულტურა თითქმის ხელოვნებასთან არის გათანაბრებული. ყველგან შეგხვდებათ პატარა კაფეები ამავე ზომის ვერანდებით, მაგიდებითა და ყვავილებით, უგემრიელესი ყავის ფართო არჩევანით, რომელსაც ასევე პატარა ფინჯნით მოგართმევენ. თქვენ კი მისი მირთმევის პროცესით უნდა დატკბეთ.
ფინეთთან ერთად, შვედეთი და ნიდერლანდებიც ყავის მომხმარებელ ქვეყნებს შორის ლიდერები არიან. აქ ძლიერი ესპრესო და ტკბილი ფუნთუშეული უყვართ, რომლის მირთმევაც კაფეებში ერთგვარ სოციალურ ქცევას წარმოადგენს.
ყავა ძალიან პოპულარულია ბალტიისპირეთშიც. ამ ქვეყნებში ესპრესოს, ლატესა და კაპუჩინოს გარდა, ნალექიან ყავასაც დიდი სიამოვნებით მოიხმარენ.ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სრულად თქვა უარი ხსნადი ყავის მოხმარებაზე, რომელსაც მწირი გემოვნური თვისებები და საეჭვო შემადგენლობა აქვს. მათთვის ყავის მირთმევა ხარისხიან და გემრიელ პროდუქტთან არის დაკავშირებული, რაც კაფსულის ან ახლადდაფქული ყავის მომზადებას უკავშირდება.
როგორი მომხმარებლები არიან ამერიკელები?
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 3 ყველაზე შესამჩნევ სურნელს შორის ერთ-ერთი ყავისაა. ყავის მომხმარებელთა 45% კი მას აპარატის მეშვეობით ამზადებს. თუ ევროპაში უფრო პატარა ზომის კაფსულებს მოიხმარენ, აქ დიდი ზომის კაფსულები და უფრო დიდი ჭიქებია პოპულარული. თუ ევროპაში კაფეში ყავის მირთმევა ერთგვარად კულტურის ნაწილია, აშშ-ში ყავას ძირითადად, სახლში აპარატის მეშვეობით ამზადებენ ან ადგილობრივ მაღაზიაში ყიდულობენ.
რამდენ და რა სახის ყავას მოიხმარენ საქართველოში?
საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ, 5 000 ტონამდე ყავას მოიხმარს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, წელიწადში ერთ ადამიანზე საშუალოდ, 1.3 კილოგრამი ყავა მოდის.
ევროპელებისა და ამერიკელებისგან განსხვავებით, დაბალი ფასის გამო, საქართველოში ხსნადი ყავა ლიდერობს, თუმცა კაფსულის ყავაზე გადასვლის ტენდენცია შეინიშნება.
კაფსულის ყავას დასავლეთში მისი ნატურალური შემადგენლობის გამო ანიჭებენ უპირატესობას. ჩვენს ქვეყანაში კაფსულის ყავის მოთხოვნის ზრდას ბაზარიც პასუხობს, რადგან ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „მეამა“, რომელმაც საკუთარი რეცეპტით უკვე 15 განსხვავებული ყავა შექმნა. აღნიშნული რეცეპტები კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს. კომპანია ასევე აწარმოებს 4 სახის წმინდად დაფქულ ყავას, რომელიც ერთჯერად შეფუთვებშია მოთავსებული.
საინტერესოა, ევროპისა და ამერიკის მსგავსად, რამდენად გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა, არჩევანი ნატურალურ ყავაზე შეაჩეროს, რომელსაც ყველა გემოვნური თვისება შენარჩუნებული აქვს და სინთეტიკური ნარევებით შექმნილი პროდუქტისგან განსხვავებით, ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.