ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იფიქროს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ უნდა იფიქროს. ამის შესახებ მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ნიადაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზირებული. მისივე თქმით, ამ დროს ეფექტურობა როგორც წესი, მეტია ხოლმე.

„90-იან წლებში, როცა ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ამბობდნენ, სამ რამეს ვურჩევთო - „პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!“ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და ეშინიათ კიდეც მთავრობებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი. იყო საუბარი რკინიგზის პრივატიზაცია არის თუ არა შესაძლებელი, როცა ის სტრატეგიული ობიექტია. ორ ყოფით მაგალითს გეტყვით - ჩვენს ოჯახში, ბინებში დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი ყველა კერძო კომპანიის მიერ მოგვეწოდება. ჩვენს შვილებს სითბო ექნება თუ არა, ამაზე სტრატეგიულია ზემოთ ვაგონი რომ გაივლის რკინიგზაზე? ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება. არსებობს ევროკავშირის საუკეთესო მაგალითები, როდესაც ნიადაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს ხელში და გადაზიდვები, მათ შორის „ტრეიდინგი“ არის კომერციალიზირებული. ამ დროს ეფექტურობა როგორც წესი, მეტია ხოლმე. ენერგეტიკაშიც არის ეს, ტელეკომშიც, როდესაც ძირითადი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა ემიჯნება იმ სერვისებს, რისი მეშვეობითაც მიწოდება ხდება.

ეს არა მარტო შეიძლება, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. ენერგეტიკაშიც ასეთი სიტუაცია გვაქვს. დიდი ნაწილი პრივატიზირებულია - გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის“, - განაცხადა მაჭავარიანმა.