ირაკლი ღარიბაშვილი "აბრეშუმის გზის ფორუმის" აღდგენას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს "აბრეშუმის გზის ფორუმის" აღდგენას გეგმავს.

როგორც პრემიერმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დასაკავშირებლად, ასევე ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, საკომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად. მისი თქმით, აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, საქართველო აღრმავებს თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან.

"ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს. შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებითად უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოში. რამდენიმე დღის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ჩამეყარა ამ ახალი მილსადენის პირველი სეგმენტისთვის. ამ ექსპანსიის შედეგად, კონსორციუმი განახორციელებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას საქართველოში. ამის შედეგად საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რაც მოხმარდება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, სუფთა, განახლებადი ენერგია შეიძლება იქცეს ენერგეტიკის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალად.