"საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, ეს იქნება შავი ზღვის, პირდაპირი ფრენების თუ რკინიგზის საშუალებით"

საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება დაკავშირებადობის გაძლიერებაში, ეს იქნება შავი ზღვის, პირდაპირი ფრენების თუ რკინიგზის საშუალებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“ პანელური დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.

გახარიას განმარტებით, საქართველოს აქვს იდეალური სამართლებრივი ჩარჩო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ინსტიტუციონალურად და ფასეულობების დონეზე ძალიან ახლოს არის ევროპასთან, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი ევროპასთან არ აქვს, შესაბამისად პრემიერის განმარტებით დაკავშირებადობის თვალსაზრისით ეს საქართველოსთვის გამოწვევაა.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის სწარფი ეკონომიკური ზრდისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, აქ არის სტრუქტურული რეფორმებიც, ინსტიტუციონალური გაძლიერება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დღეს ჩვენ რაც გვაქვს ხელში ევროპასთან მიმართებით, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უზარმაზარ ბაზართან, თავისი მაღალი სტანდარტებით და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ იმისთვის, რომ ჩვენი სტანდარტები ავამაღლოთ მოთხოვნებით, როგორც ეს შესაძლებელია, მაგრამ აქ არის ერთი დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაში, პირველ რიგში, ჩვენი ევროპელი კოლეგები უნდა მოგვეხმარონ. საქმე ის არის, რომ საქართველოს აქვს დღეს იდეალური სამართლებრივი ჩარჩო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ინსტიტუციონალურად და ფასეულობების დონეზე ძალიან ახლოს არის ევროპასთან, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი ევროპასთან არ აქვს. დაკავშირებადობა, როგორც ასეთი, დღეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი საშუალო, წვრილი და მსხვილი ბიზნესისთვისაც, რომ ეს კავშირი, რომლის სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფომ პოლიტიკურ დონეზე შექმნა, ევროპულ ბაზართან დაამყაროს და ამისგან მიიღოს კონკრეტული მოგება და კონკრეტული შედეგები. მე ვთვლი, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ყველაზე სწრაფ ბიძგს მისცემს ქართული ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.