საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებამ ჩინელ კონტრაქტორებს სთხოვა, თავი შეეკავებინათ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე მანამ, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ საკარანტინო ზომები სწორად ხორციელდება.
ამის შესახებ ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული გავლენა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში კორონავირუსს ექნება, მაგრამ არა დრამატული, ვინაიდან ამ პროექტებზე დასაქმებულების ძირითადი ნაწილი ქართველები არიან.
„საერთაშორისო მაგისტრალებზე დასაქმებულია ბევრი ჩინური კომპანია, თუმცა, 80% დასაქმებულების ქართველია ამ კონტრაქტებზე. თუმცა, გარკვეული შეფერხება იყო კიდეც, ჩემი მოადგილე შეხვდა ჩინელ კონტრაქტორებს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და ვთხოვეთ, თავი შეეკავებინათ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე მანამ, სანამ არ ვიქნებით ყველანი ერთად დარწმუნებული იმაში, რომ საკარანტინო ზომები სწორად ხორციელდება და ყველა ეს ზომა დაცულია. თუმცა, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ჩვენს ნაწილში ექნება, მაგრამ არა დრამატული, ვინაიდან ამ პროექტებზე დასაქმებულების ძირითადი ნაწილი ქართველები არიან.
გარდა ამისა, ვიცით, რომ მოლოდინებიც განსაზღვრავს ზოგადად ეკონომიკის განვითარებას. მოლოდინებშიც ოპტიმისტურები რომ ვიყოთ, ესეც გარკვეულ წვლილს შეიტანს იმაში, რომ უფრო ნაკლებად შეგვეხოს ეს გამოწვევა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.