ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მსგავსი მითითება არ გაცემულა.
„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია ამ გამოწვევისთვის. ყველა აუცილებელი ზომა მიღებულია. ჩვენთვის რა თქმა უნდა, მოქალაქეების ჯანმრთელობა უპირატესია და ამის გამო მზად ვართ მივიღოთ თუნდაც ისეთი არაპოპულარული ზომები, რაც გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე, როგორიცაა პირდაპირი მიმოსვლის შეჩერება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მართლაც დროებითი ხასიათისაა“, - აცხადებს თურნავა.
მისივე თქმით, ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერებამ საქართველოსთვის თვეში 30 მილიონიანი ზარალი გამოიწვია.