არასწორი იქნება, ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ განცდა, რომ დღეს ვიწყებთ რკინიგზის პრივატიზებას - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, რითიც ის გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის განცხადებას რკინიგზის პრივატიზების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, უმჯობესია ტერმინი "პრივატიზება" ამოვიღოთ საუბარში გამოყენებისგან.
"რკინიგზაც, ფოსტაც, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ნარჩენების მართვის კომპანია, არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან სახელმწიფოს საკუთრებაში. ჩვენი გაცხადებული მიდგომაა, რომ ისეთი ტიპის ბიზნესი, სადაც კერძო ინვესტიცია არის შესაძლებელი, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ასეთი სახის კერძო ინვესტიციის შემოსვლას. რკინიგზაც არის ასეთი სექტორი, სადაც არის შესაძლებელი კერძო ინვესტირება იქნას შემოღებული. ჩვენ არ ვსაუბრობდით რკინიგზის სრულ პრივატიზაციაზე, არამედ ვსაუბრობდით იმაზე თუ როგორ შეიძლება ამ სფეროში მეტი კომერციული მონაწილეობა იყოს. არასწორი იქნება, რომ ჩვენს მოსახლეობას შევუქმნათ განცდა, რომ დღეს ვიწყებთ რკინიგზის პრივატიზაციას. არ არის რკინიგზის სრულ პრივატიზაციაზე საუბარი, არის გაყოფაზე, მათ შორის ინფრასტრუქტურული ნაწილის და კომერციული სუბიექტების დაშვების ნაწილზე. ეს არის დეტალები, რომელიც უნდა დამუშავდეს. დღეს რაიმე ტიპის წილობრივ მონაწილეობაზე საუბარი, რამდენ წილს ვყიდით, როგორ ვყიდით, ვყიდით თუ არ ვყიდით, თუ ეს არის იჯარის შემოყვანა თუ სხვადასხვა მოდელების, ჯერ ადრეა. ამიტომ ტერმინი „პრივატიზება“ ამოვიღოთ გამოყენებიდან", - განაცხადა ცქიტიშვილმა.