წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მაჭავარიანის განცხადებით, დღგ-ის რეფორმის კუთხით დამაჯერებელი ნაბიჯები იდგმება.
„ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე დავაბრუნებთ დღგ-ის ზედმეტობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დღგ, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი სექტორებიდანაა დაგენერირებული, როგორიც არის: ექსპორტი, ინვესტიცია, მშენებლობა და ასე შემდეგ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, დღგ-ის სწრაფი დაბრუნება სტიმულია ეკონომიკის განვითარებისთვის. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგადასახადო შემოსავლების მობილიზებისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიმართულებითაც.
„ამ მხრივაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს პროგრესი, თუმცა ჩემი აზრით, გარდამტეხი აღმოჩნდა 2019 წელი, როცა მოგვეცა საშუალება, მაქსიმალურად ჩაგვეკეტა სუსტი რგოლები და გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში მომხდარიყო სისტემური გაუმჯობესება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.