ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ტყიბულში მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები ნომერ პირველი ამოცანაა.
თურნავას განმარტებით, მიმდინარე მოვლენებს პირადად ადევნებს თვალყურს.
"ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მე ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ტყიბულში მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები იყო. ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო პერიოდულად ამოწმებს ინვესტორს, შახტებს. მან კატეგორიული მითითებები მისცა ინვესტორს და სწორედ ამიტომ მათ სარემონტო სამუშაოები უნდა განახორციელონ. მისასალმებელია, რომ ეს იმდაგვარად კეთდება, რომ არცერთი ადამიანი არ დაზარალდება, მათი შრომის ანაზღაურება სრულად იქნება დაფარული. როგორც ვიცი, მეშახტეებს შესთავაზეს სხვა სამუშაო ადგილი დროებით, ხოლო რამდენიმე კვირის მერე, როდესაც სარემონტო პროცესი დასრულდება, ეს ადამიანები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს", - აცხადებს თურნავა.