შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ელემენტარულ დონეზე ხელის დაბანის საშუალებებს ყველა რეგიონში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, წყალარინება, წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება - ეს არის გამოწვევა, რომელიც ინფრასტრუქტურის ნაწილში ჯერ კიდევ გვაქვს.
„თუმცა, წყლის ინფრასტრუქტურის ნაწილში წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. მაგრამ ინვესტიციები წყლის სექტორში არასაკმაირის იყო, ვინაიდან ელემენტარულად ჩვენს ქვეყანას იმდენი გამოწვევა და საჭიროება აქვს ინფრასტრუქტურის ნაწილში, რომ ყველაფერს ერთად ვერ ვაკეთებთ. 2018 წელთან შედარებით 2019-ში ჩვენი წყლის კომპანიის ბიუჯეტი 30%-ით იყო გაზრდილი, წელს კი კიდევ 18%-ით გაიზრდება. წელს ვამთავრებთ ქუთაისის, ზუგდიდის, აბაშის, ჭიათურის, ჯვარის წყალგაყვანილობას, რის შემდეგადაც ჯამში 110 ათასზე მეტ ადამიანს ექნება წვდომა უფრო ხარისხიან წყალმომარაგებაზე, ზოგ შემთხვევაში ეს არის 24-საათიანი, ზოგგან 24-საათიანსაც ჯერ ვერ ვაღწევთ და შემდგომი ნაბიჯი იქნება ამ ინფრასტრუქტურის განვითარება. მცირე რეგიონულ ცენტრებში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში დაახლოებით, 600 ათასი ადამიანი ცენტრალური წყალმომარაგების გარეშეა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურისტულ ცენტრებში სველი წერტილების მოწყობის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ აქ პასუხისმგებლობა შერეულია და ნაწილდება როგორც სახელმწიფოზე, ასევე ბიზნესზე.
„სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზისი შექმნას, როგორც გამართული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, ასევე რეგულაციების თვალსაზრისით. რეგულაციების თვალსაზრისით ვგეგმავთ ცვლილებების შეტანას მშენებლობის ნებართვის მიღების წესში, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს გამწმენდი ნაგებობების ან კანალიზაციაზე მიერთების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, აქ ბევრი გარკვეული სფეროების დერეგულირება იმდენად მოვახდინეთ, რომ ახლა უკვე საჭიროა რეგულაციები შემოვიღოთ. გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ სსიპ-ები, კურორტებების მენეჯმენტის სტრუქტურები, რომლებიც ცალკეულ კურორტზე შეიძლება შეიქმნას. ჩვენ ამოცანად არ გვაქვს დასახული, რომ მთელ საქართველოში შეიქმნას სსიპ-ები და სახელმწიფო ბიუროკრატია.
აქ ჩვენ ძირითადად ვგულისხმობდით ისეთ კურორტებს, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი, წყალტუბო, სადაც ინტეგრირებული მართვაა საჭირო და მუნიციპალიტეტი არ არსებობს. ბაკურიანი სტატუსურად დღეს დაბაა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში შედის. ბორჯომის მერია ერთი წარმომადგენლის მეშვეობით უზრუნველყოფს თავისი ფუნქციების შესრულებას ბაკურიანში, რაც ბუნებრივია, შეუძლებელია. მაღალ სეზონზე 30 ათასი დამსვენებელი გვყავს, ამიტომ ბაკურიანში გვჭირდება განსაკუთრებული მიდგომა. გუდაურს ორი მუნიციპალიტეტი იყოფს და ა.შ. სახელმწიფოს როლის გარდა კომერციულმა სექტორმაც უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთი ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ელემენტარულ დონეზე ხელის დაბანის საშუალებებს ყველა რეგიონში. აქაც ბიზნესმა უნდა მიაქციოს ყურადღება არა მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროების მშენებლობას, არამედ ასეთი საბაზისო სტურისტული სერვისების უზრუნველყოფას, რაც ბევრი ქვეყნის მაგალითზე ფასიანი ბიზნეს-სერვისია. სახელმწიფომ და ბიზნესმა ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.