"ქუთაისის პარლამენტის შენობის პრივატიზება მარტივი არ იქნება"

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას აზრით, ქუთაისის პარლამენტის შენობის პრივატიზება მარტივი არ იქნება.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რა ღირებულებით და რა საინვესტიციო პირობებით გეგმავს უწყება ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას, მინისტრი ასე პასუხობს:

"ქუთაისის პარლამენტის შენობა საკმაოდ ძვირადღირებული კონსტრუქციაა, რომელმაც განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში დაკარგა ფუნქცია. მან ვერ იპოვა თავისი ფუნქციონალი, თავისი დატვირთვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული შენობაა, თავის დროზე 340 მილიონზე მეტი დაუჯდა ბიუჯეტს, ჩემი აზრით, არც თუ ისე მარტივი იქნება ამის პრივატიზება. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ უბრალოდ ელექტრონულ აუქციონზე ამ ფასით გამოტანასთან ერთად ის მარტივად გასხვისდება. ახლა კონსულტანტებთან ერთად ვმუშაობთ, თუ რა ფორმით, რა რეკომენდაციით შეიძლება შევთავაზოთ ეს ბიზნესს. ეს არაა მარტივი ამოცანა,” - აცხადებს მინისტრი.

შეგახსენებთ, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს, რასაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადასტურებენ.