ჩინეთში ბოლო წლის განმავლობაში იმაზე სამჯერ მეტი ახალი მილიარდერი დაფიქსირდა, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ამ ინფორმაციას კვლევებზე ორიენტირებული ჩინური კომპანია „ჰურუნ გლოუბლი“ აქვეყნებს. მისი მონაცემები დიდ ჩინეთს მოიცავს, რომელშიც ჰონ კონგი და ტრაივანიც შედის.
31 იანვრის მონაცემებით, ჩინურ მიწაზე 182 ახალი მილიარდერი დაფიქსირდა და ჯამში მათმა რიცხვმა 779-ს მიღწია. შედარებისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს „მხოლოდ“ 59 ახალი მილიარდერი ჰყავს. უმდდრეს ადამიანთა რიცხვი მეტწილად ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და ონლაინ ბიზნესზე მოდის.
მართალია, 31 იანვრისთვის ახალი კორონვირუსის ეპიდემია ახალი დაწყებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მის გამო, ფარმაცევტული მრეწველობა და ონლაინ ბიზნესი კიდევ უფრო პოპულარული და მომგებიანი გახდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩინეთის დიდი ნაწილი კარანტინმა მოიცვა. კარჩაკეტილობა კი ონლაინ სერვისებზე, მათ შორის, ონლაინ განათლებაზე, გართობასა და ვაჭრობაზე მოთხოვნას ზრდის. შესაბამისად, ამ სფეროში მომუშავე ჩინური კომპანიების აქციების ფასი იზრდება.
„ჩინეთს უკვე იმაზე მეტი მილიარდერი ჰყავს, ვიდრე აშშ-სა და ინდოეთს ერთად“, - ამბობს „ჰურუნ გლოუბლის“ დამაარსებელი და თავმჯდომარე რუპერტ ჰუგევერფი. ცნობისათვის, ამჟამად შეერთებულ შტატებში 629 მილიარდერი ცხოვრობს, ინდოეთში კი - 137.
ახალ ჩინელ მილიარდერებს შორის არიან ფარმაცევტულ კომპანია „იფან სინფუს“ ჩენ სიანფენი და ფასდაკლებით მოვაჭრე ონლაინ კომპანია „ვიპშოპის“ შენ ია.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას კი ისევ „ამაზონის“ ჯეფ ბეზოსი ლიდერობს, რომელიც 140 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია ელექტრონული კომერციის გიგანტ „ალიბაბას“ მფლობელი ჯეკ მა, რომელიც 45 მილიარდი დოლარის ქონებას განკარგავს. მსოფლიოს უმდიდრესთა სიაში მას „მხოლოდ“ 21-ე ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ ახლახანს მას „ტესლას“ ილონ მასკმა გადაასწრო.
ქალაქებს შორის, ყველაზე მეტი, 110 მილიარდერი პეკინში ცხოვრობს. 98 მილიარდერი ნიუ იორკს ჰყავს, მესამე ადგილზე კი შანჰაიმ გადაინაცვლა, რომელმაც ჰონ კონგი ჩამოიტოვა.