საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
მოლინეუსმა საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.
„საწარმოთა კონკურენტუნარიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან გაუმჯობესდა ფინანსების ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმჯობესდა კომუნიკაციის საშულებებზე წვდომა. ასევე აღსანიშნავია რეფორმები, რომლებიც მიმართულია მეწარმეების აქტიურობის ხელშეწყობაზე და ყოველივე ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონეა, რაშიც საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს. „ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 119 ქვეყნიდან მეშვიდეა. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო 99-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ასევე წარმატებულია მთავრობის შეფასების მაჩვენებლებში და ქვეყანა კვლავ ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.