ოთარ დანელია აშშ-ში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ოთარ დანელიამ შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახურის უფროსთან კევინ შისთან გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართველი სპეციალისტების სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების საკითხებს. კერძოდ, აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, ქართველი სპეციალისტები მცენარეთა დაცვის, ეპიდემიოლოგიის, რისკის შეფასების კუთხით და ვეტერინარული ლაბორატორიების განვითარების მიმართულებით აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.

სამინისტროს განმარტებით, თეორიულ სწავლებასთან ერთად, ქართველ სპეციალისტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და პრაქტიკული სამუშაოები შეასრულონ აშშ-ს წამყვან ლაბორატორიებში, რაც მათ დიდ გამოცდილებას შესძენს და პროფესიული დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.