საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკურ კონფერენციაზე, რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის ინტეგრირებული განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, გასულ წელს, მცირე რეგიონულ პროექტებში, 770 ადგილობრივი კომპანია იყო დასაქმებული.
„თანხებიდან და რისკების მართვიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვემცირებინა მოთხოვნები, რომელიც მცირე მასშტაბის პროექტებში გვქონდა დაწესებული, რის შედეგედაც დაახლოებით 100 ახალი კომპანია შემოვიდა ბაზარზე და მათ მიეცათ განვითარების შესაძლებლობა“,-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ბიზნესის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითია აბასთუმანი, სადაც მსოფლიო ბანკის დახმარებით, ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინვესტიციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა-განახლების მიმართულებებით.
„მიდგომა არის ინტეგრირებული და გენგეგმის მეშვეობით, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, თუ რამდენი ტურისტის მომსახურებას შეძლებს კურორტი. ამ გათვლებზე დაყრდნობით ხდება წყლის, გზის თუ სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. ასეთი მიდგომის შედეგად, აბასთუმანში უკვე გვაქვს 8 ქართული ინვესტიცია მაღალი ხარისხის სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც შექმნის არა მარტო მუდმივ შემოსავალს, არამედ მოთხოვნას მეზობელი რეგიონებიდან პროდუქტით მომარაგებასა თუ სხვა მომსახურებაზე, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“.
მაია ცქიტიშვილმა, პანელზე, დისკუსიის ფარგლებში, კურორტების მართვის ახალ მოდელზეც ისაუბრა.
„ჩვენი ამოცანა არ არის საქართველოში შევქმნათ ახალი სსიპ-ები ანდა გავზარდოთ სახელმწიფო ბიუროკრატია. როცა ახალ მოდელზე ვსაუბრობთ, იგულისხმება ისეთი კურორტები, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური, აბასთუმანი, წყალტუბო, ანუ ის დასახლებები, სადაც ინტეგრირებული მართვაა საჭირო. ბაკურიანის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ბაკურიანის სტატუსი დღეს არის დაბა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტშია და ბორჯომის მერია, ერთი წარმომადგენლის მეშვეობით, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას, რაც ბუნებრივია შეუძლებელია იმიტომ, რომ სეზონზე იქ 300 ათასამდე დამსვენებელი გვყავს. ამიტომ ბაკურიანს სჭირდება განსხვავებული მიდგომა, გუდაურს კი საერთოდ ორი მუნიციპალიტეტი იყოფს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დღესვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომერციულმა სექტორს მოუწოდა სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა გაინაწილოს, რაც მცირე ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ელემენტარული სერვისების მიწოდებაში ხელშეწყობას გულისხმობს.