"საპარტნიორო ფონდი" საავიაციო ნაწილების ქარხნიდან გასვლას გეგმავს

"საპარტნიორო ფონდი" კომპოზიტური საავიაციო ნაწილების მწარმოებელი ქარხნიდან გასვლას გეგმავს. ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდის" დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

საქართველოში კომპოზიტური საავიაციო ნაწილების პირველი ქარხანა 2018 წლის მაისში ,,საპარტნიორო ფონდის" და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია ,,ელბიტის“ თანადაფინანსებით გაიხსნა და მისმა ჯამურმა კაპიტალმა 93 მლნ დოლარი შეადგინა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ Elbit-ი ქარხანაში, ფონდის მიმართ ვალდებულების დროზე ადრე გამოსყიდვას გეგმავს.

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფონდი ასევე სხვა საინვესტიციო პროექტებიდან გამოსვლას და მათ პრივატიზებასაც აპირებს. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები”, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ებრაულ კომპანიასთან ერთად წარმოადგენდა, პროდუქციას არ ამზადებდა, რის გამოც მისი შემოსავალი ნულის ტოლი იყო. 2018 წელს, ქარხნის ზარალმა 40 მლნ ლარს გადააჭარბა.

მოამზადა ნინი ბასილაშვილმა