პრემიერის განცხადებით, მთავრობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც „თანმიმდევრულად ხორციელდება“

მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებითაც სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება.

„გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამის შემდეგ იყო გადაწყვეტილება ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის თაობაზე და ბოლოს, ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებითაც სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც გვაძლევს გარანტიას იმისთვის, რომ რესურსი, ძირითადი კომპეტენცია არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად“, - განაცხადა გახარიამ.