ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
დანართი განსაზღვრავს ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველ სამუშაოებს და ამ მიზნით ადგენს ფაქტორებს, აგენტებს და აღწერს სამუშაო პროცესებს, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების, ასევე ნაყოფისა და ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
მათ შორის, დანართში საუბარია, თუ როგორ სამუშაო პირობებში უნდა მუშაობდნენ ორსულები.
- ორსული ქალებისათვის უნდა მოეწყოს სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად თავისუფალ რეჟიმსა და პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას. დაუშვებელია მუდმივად „მჯდომარე”/„მდგომარე” პოზაში მუშაობა, გადაადგილება (სიარული).
- ორსული ქალების სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მბრუნავი სკამით, რომლის ცალკეული ელემენტები (თავის მისაყუდებელი, საზურგე, სახელური, საჯდომი და სხვ.) რეგულირდება ინდივიდუალურად. სკამის საზურგის დახრის კუთხე რეგულირდება ორსულობის ასაკისა და შრომისა და დასვენების რეჟიმის შესაბამისად. სკამის საზურგე ან საჯდომი ნაწილი უნდა იყოს დაფარული ნახევრად რბილი არასრიალა მასალით, რომელიც იოლად ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას.
- ორსული ქალებისათვის საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ქვესადგომი ფეხებისათვის სიმაღლისა და დახრილობის რეგულირების შესაძლებლობით.
- ორსული ქალებისათვის სამუშაო მაგიდის ზედაპირის ჭრილი უნდა იყოს მომრგვალებული კუთხეებით და დაფარული მქრქალი მასალით არეკლილი სიბრჭყვიალის თავიდან ასაცილებლად;
- ორსული ქალებისთვის სამუშაო მაგიდასა და საწარმოო აღჭურვილობას უნდა ჰქონდეს სივრცე ფეხებისათვის: სიმაღლე არანაკლებ 600 მმ, სიგანე არანაკლებ 500-600 მმ, სიღრმე არანაკლებ 450 მმ – მუხლების დონეზე და არანაკლებ 650 მმ – ტერფების დონეზე.