„ავერსი“ და „პსპ“ პირბადეებზე ფასის გაზრდის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნიღბები 15-18 თეთრი ღირს

კომპანია „ავერსი“ მის სააფთიაქო ქსელში პირბადის დეფიციტის ფაქტს უარყოფს, „პსპ“-ში კი აცხადებენ, რომ პირბადე ამ ეტაპზე აქვთ, თუმცა „მარაგი ამოწურვადია“.

ამასთან, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირბადეების ფასმა მოიმატა.

„პირბადეებთან დაკავშირებით არანაირი დეფიციტი არ გვაქვს. ზოგიერთ აფთიაქში არის, თუმცა მომარაგებას კიდევ ველოდებით. მარაგი გვაქვს კლინიკებისთვისაც. შესაძლოა, გარკვეულ, თითო-ოროლა აფთიაქში არ იყოს, თუმცა ზოგადად, მარაგი არის. ასევე, აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციაა ის, რომ პირბადის ფასმა მოიმატა - 18 თეთრი ღირს ერთი პირბადე. მისი ღირებულება არ გაზრდილა“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ „ავერსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ.

ფარმაცევტული კომპანია PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნათია ხაბეიშვილის განმარტებით კი, „პსპ“-ში დეფიციტი არ არის, მაგრამ „მარაგი ამოწურვადია“.

„პსპ“-ში დეფიციტი არ არის, მაგრამ როდის დამთავრდება მარაგი, ვერ გეტყვით. ზოგიერთ აფთიაქში პირბადეები უკვე აღარ არის, რადგან მარაგი ამოწურვადია. ჩვენთან ერთი ცალი პირბადე 15 თეთრი ღირდა და ახლაც 15 თეთრი ღირს, ღირებულება არ შეცვლილა. პირბადეები ჩვენი ხაზითაც შემოგვქონდა და დისტრიბუტორებისგანაც, მაგრამ ახლა შემოტანა ძალიან გართულებულია, რადგან მასზე მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა, ამიტომ, ჯერჯერობით მარაგი არ ამოწურულა, მაგრამ ამოწურვადია. ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე მარაგის შევსება ცოტა რთულია“, - აცხადებს ხაბეიშვილი.