დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. როგორც ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, მოგზაურობა არ იკრძალება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო.
„თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მგზავრობას განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში. პირველ რიგში, ეს გახლავთ ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია და ჩამოთვლილი 38 ქვეყანა, მაგრამ ზოგიერთში მხოლოდ ერთეული შემთხვევები გახლავთ, ამიტომ იქ მოგზაურობა არ იკრძალება. ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, მოგზაურობა არ იკრძალება, მაგრამ სიფრთხილით ვეკიდებით და უნდა განვახორციელოთ ის პრევენციული საშუალებები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა“,-განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად მთავარი პრევენციული ზომებია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახის ხშირად სველი წესით დალაგება და ხშირად განიავება.
„ყველაზე მთავარი პრევენციული საშუალება გახლავთ პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც შეიძლება ხელების ხშირად დაბანა, ხშირად სველი წესით დალაგება, ხშირად განიავება და მთავარი, თუ დასენიებული ქვეყნებიდან საქართველოში ბრუნდებით, 14 დღე გახლავთ ინკუბაციის პერიოდი და ამ პერიოდში გვეწყება სიმპტომები, რომელიც გამოიხატება ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ოჯახის ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას ან ინფექციურ საავადმყოფოებს. იქ ჩატარდება კვლევა. დადასტურებულ შემთხვევად ითვლება მხოლოდ ისეთი შემთხვევა, რომელიც ლაბორატორიულად დასტურდება“,-განმარტა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული კვლევის ჩატარებას 4-დან 5 საათამდე სჭირდება. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში კვლევის ჩატარების მხრივ არავითარი დაბრკოლება არ არის.
„მოგეხსენებათ, დღეს ლაბორატორიული კვლევა ლუგარის ცენტრში წარმოებს. კვლევას დაახლოებით 4-დან 5 საათამდე სჭირდება. ლაბორატორიული სიმძლავრეები სერიოზულია. ჩვენ გვაქვს დღეს ტესტსისტემის მარაგი დაახლოებით 2 ათასი და მოლაპარაკება გვაქვს 2 ათასზე მეტ ტესტსისტემაზე. ამ მხრივ არავითარი დაბრკოლება არ არის. დღე-ღამის განმავლობაში მუშაობის საშუალება არის, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით კვლევის ჩატარების საშუალებას გვაძლევს. ამ შემთხვევაში, დაბრკოლება არ არის. ამიტომ, მინდა გავიმეორო, დიახ, ინფექცია პირველად დაფიქსირდა ქვეყანაში. ჩვენ ვართ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ხელმომწერი ქვეყანა, ამიტომ შემთხვევის დაფიქსირებიდან 1 საათის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლო ორგანიზაციას ინფორმაცია მივაწოდეთ“, -განაცხადა გამყრელიძემ.