კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება

თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა. ვრცელდება სხვადასხვა ფლაერები და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას”,- განაცხადა გვანცელაძემ.

კითხვაზე, ხომ არაა პანიკა აღსაზრდელთა მშობლების მხრიდან და ხომ არ შემცირებულა ბაღებში ბავშვთა დასწრება, გვანცელაძე ამბობს, რომ „ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაღებში ნამდვილად არ არის”.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.