გენადი არველაძე - ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ევროკავშირი საუკეთესო მაგალითია, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის „მსოფლიო და საქართველო 2020“ ფარგლებში განაცხადა.

„2014 წლის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, მაღალია პროცენტული ათვისება და ევროკავშირში საქართველოს მთლიან ექსპორტში წილი 89%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება ჩვენი ქვეყნისა და პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირის ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში ექსპორტს ახორციელებენ და მათი რაოდენობა დღეს 910 კომპანიას შეადგენს“, - განაცხადა არველაძემ.

მან ის პროდუქტებიც დაასახელა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებით გადის ევროპულ ბაზარზე.

„ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის. მაგალითად, ახალი ხილი, ასევე, სხვადასხვა ინდუსტრიული წარმოების პროდუქტები, როგორიცაა ავეჯი, მათ შორის, ავეჯი ცხოველებისთვის, რომლის წარმოება საქართველოში პირველად შეიქმნა, მინის ბოთლების წარმოება, რომელიც პირველად გავიდა ასევე ამ ბაზარზე, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულისგან მიღებული პროდუქტი, თაფლი, რომლის წარმატებული ექსპორტი პირველად შარშან განხორციელდა. ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც 2014 წლის შემდეგ განთავსდა ევროკავშირის ბაზარზე და ფაქტიურად, იზრდება ჩვენი ცნობადობა ამ პროდუქტებთან ერთად. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა 2014 წლამდე განთავსებული პროდუქტების რაოდენობაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, არველაძის შეფასებით, საქართველო წარმატებით ართმევს თავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა სხვადასხვა პროგრამებით ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის.

„მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვახორციელებთ. ჩვენ ამ რეფორმებს ძალიან წარმატებით გავართვით თავი. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების ინსტიტუციური გაძლიერება გაგრძელდება. აღებული ვალდებულებები ასევე გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ევროკავშირის რეგულაციებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლადია მცირე და საშუალო ბიზნესი მათ შორის ფერმერებიც. აღნიშნული რეგულაციები პირველ ჯერზე გარკვეულწილად შეიძლება მტკივნეული იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, სახელმწიფო ძალ-ღონეს არ იშურებს და სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ცდილობს დაეხმაროს მათ რეალობასთან ადაპტირებაში“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.