"შერატონ ბათუმში" PABSEC-ის კომიტეტების სხდომა გაიმართება

სასტუმრო "შერატონ ბათუმში" დღეს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა და ეკონომიკური, ვაჭრობის, ტექნოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების სხდომები გაიმართება.

კონფერენციას მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი დავით საგანელიძე. კომიტეტების სხდომებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

პარლამენტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ათი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარებაში პარლამენტების საკანონმდებლო მხარდაჭერის როლზე იმსჯელებს.

ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, თემაზე - "PABSEC-ის წევრი ქვეყნების როლი შავი ზღვის რეგიონში სატვირთო და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვების განვითარებასა და მოწესრიგებაში" საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ისაუბრებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში კომიტეტის წევრები მომავალი საკომიტეტო მოსმენების ადგილს და დღის წესრიგს განსაზღვრავენ და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის განრიგზე იმსჯელებენ.

საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეები 30 სექტემბერს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოინახულებენ და ბათუმის იუსტიციის სახლს დაათვალიერებენ.