დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლება უნდა იყოს მზად იმ ეკონომიკური კრიზისისთვის, რომელიც  მსოფლიოში ვითარდება

ხელისუფლება უნდა იყოს მზად იმ ეკონომიკური კრიზისისთვის, რომელიც პრაქტიკულად, მსოფლიოში ვითარდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პრობლემა ეკონომიკასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

"ჩვენ ვხედავთ, რომ საფონდო ბირჟების ჩამოქცევა იწყება რეალურად. ერთმანეთისგან იზოლირება იწყება, გლობალური სამყარო იწყებს ერთმანეთისგან ჩაკეტვას. ამის მაპროვოცირებელი არის კორონავირუსი. ეკონომიკური ბმები იმდენად დიდია დღევანდელ სამყაროში, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება უკვე განსაკუთრებული მოქმედების გეგმას არ შეიმუშავებს, გარდაუვალი იქნება ჩვენთან ამ ეკონომიკური კრიზისის არსებობა. ტურიზმი ნელ-ნელა მცირდება, ამას აღიარებს მთავრობაც. სამომხმარებლო ტექნიკის მოწოდება ჩვენთან ხდება ჩინეთიდან, ჩინეთი ამდენი ხანია პარალიზებულია, ქარხნები გაჩერებულია, პორტები დაკეტილია, ამის დეფიციტიც შეიქმნება. სამუშაო ადგილებზეც აისახება ეს, თუ მაღაზიებმა ვერ შეძლეს ტექნიკის შემოტანა, გასაყიდიც არაფერი იქნება, პანიკის პირობებში კი ყველაფერს დაიტაცებენ. ნელ-ნელა ჩვენ შეიძლება სისტემური კრიზისის წინაშე დავდგეთ. აქ არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემა, აქ არის ეკონომიკური პრობლემა, რომელმაც შეიძლება ისეთი ბიძგი მისცეს შეუქცევად პროცესებს, რომ ქვეყანა შეიძლება კოლაფსში აღმოჩნდეს. მთავრობა უნდა მუშაობდეს, იმიტომ, რომ ახსნა-განმარტებებია საჭირო. ლარის გამყარებაც კი ხალხში უკვე ეჭვს იწვევს, იმიტომ, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ საგარეო ვაჭრობა ჩერდება და დოლარზე მოთხოვნა ამიტომ მცირდება,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.