3 მარტს ბათუმში Le Méridien-ის სასტუმრო იხსნება - პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია

სასტუმროების ცნობილ ბრენდებს შავი ზღვის სანაპიროზე Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო დაემატება. ორი ნაწილისგან შემდგარი “ბათუმი თაუერი“ ოფიციალურად 3 მარტს გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დეველოპერულ კომპანიაში „რედკო“ განუცხადეს, 205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში.

„პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ რესტორანიც. კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე.

რაც შეეხება პროექტის მეორე ნაწილს, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით უმასპინძლებს სტუმრებს 3 მარტიდან. პროექტის ინტერიერის დიზაინის კონცეფციაზე იმუშავა ქართულმა კომპანია რუმსმა“, - აღნიშნეს „რედკოში“.

დეველოპერულმა კომპანია “რედკომ“ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება 80 მილიონი დოლარია. Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა The Ritz-Carlton, St. Regis , JW Marriott, Ritz-Carlton Reserve, The Luxury Collection, W Hotels, EDITION, Le Meridien, Marriott Hotels, Sheraton.