დღეს აზიაში კორონავირუსით ინფიცირებით ასობით ახალი ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ერთი ინფიცირებული, აშშ-ის სამხედრო პირია. ეპიდემია უკვე იტალიასა და ირანსაც მოედო, რის საფუძველზეც, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ვირუსის პანდემიური გავრცელება გარდაუვალია.
ამის ფონზე, აზიაში სააქციო ბაზარი ისევ დაეცა, უსაფრთხო აქტივებად მიჩნეული, ამერიკის სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობა კი რეკორდულად მცირე მაჩვენებლებამდე შემცირდა. ბოლო ოთხი სავაჭრო სესიის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში, აქციების ჯამური ღირებულება, 3.33 ტრილიონი დოლარით გაუფასურდა.
ვირუსით, რომელიც გასული წლის ბოლოს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა, უკვე 80 000 ადამიანია დაავადებული. უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების 2 700 ფაქტი. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა, ჩინეთზე მოდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) მოუწოდებს ქვეყნებს, ახლავე დაიჭირონ თადარიგი, რათა პანდემიის გავრცელება აღიკვეთოს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები, ამერიკის მოქალაქეებს, სათანადოდ მომზადებისკენ მოუწოდებენ. თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელების რისკები ჯერჯერობით მცირეა. აშშ-ში ამ ეტაპზე, ინფიცირების 57 შემთხვევაა დაფიქსირებული.
WHO აცხადებს, რომ ჩინეთში ეპიდემიამ პიკს 2 თებერვალს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ოთხშაბათს 406 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წინა დღეს კი ახალი ინფიცირების 508 შემთხვევა იყო. ამასთან, გარდაცვლილთა რიცხვი 52-ით არის გაზრდილი და 2 715-ს მიაღწია. სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 261-ს მიაღწია.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ, სპორტული და კულტურული ღონსძიებების გაუქმება, ან მინიმუმ ორი კვირით გადადება მოითხოვა. ამომავალი მზის ქვეყანაში სულ უფრო მატულობს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, პანდემიამ ტოკიოს ოლიმპიადის გამართვასაც შეუშალოს ხელი. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ოლიმპიადას საფრთხე არ ემუქრება.
იაპონიაში ვირუსის 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ 691 ინფიცირებული იმყოფება საკრუიზო გემზე, რომელიც კარანტინშია. აღნიშნულ გემზე ვირუსმა უკვე ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. სულ კი იაპონიაში ვირუსით ექვსი ადამინია დაღუპული.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია. დაღუპვის 11 ფაქტი იტალიაზე მოდის, 16 კი - ირანზე. ირანში ინფიცირებულთა შორისაა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ირანიდან ვირუსი სწრაფად ვრცელდება კუვეიტსა და ბაჰრეინში, სადაც შესაბამისად, 18 და 26 ადამიანია ინფიცირებული.