1 ოქტომბრიდან მონოპოლისტი კომპანიები ბრუნვის 5%-ით დაჯარიმდებიან

კონკურენციის სააგენტო კარტელური გარიგებებისა და უკანონო ქმედებების წინააღმდეგ გაილაშქრებს

კონკურენციის სააგენტო, რომელმაც ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქცია უნდა იკისროს, საქართველოში 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ყაზბეგში მიიღეს, სადაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გასვლითი სხდომები გამართა. მართალია, კონკურენციის სააგენტო მიმდინარე წლის 14 აპრილს შეიქმნა, მაგრამ თავის ფუნქციებს სრულყოფილად ვერ ასრულებდა. ყაზბეგში გამართულ სხდომებზე სააგენტოს მიერ დამუშავებული ნორმატიული აქტები განიხილეს და საბოლოო გადაწყვეტილებებიც მიიღეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით bpn.ge პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა კვიჟინაძეს ესაუბრა.

პაატა კვიჟინაძე: 24-დან 27 სექტემბრამდე ჩათვლითი გასვლითი სხდომები გვქონდა ყაზბეგში, სადაც დამატებითი დებულებების შესწავლა მიმდინარეობდა. კანონი უკვე მიღებულია, მაგრამ მისი სრულფასოვნად ამოქმედებისათვის სპეციალური სამართლებრივი აქტების მიღება აუცილებელი იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაქირავებული ექსპერტები. მათ მიერ მომზადებულ პროექტებს ბოლოს რედაქტირება კონკურენციის სააგენტომ გაუკეთა. ყაზბეგში გამართულ სხდომებზე ჩვენმა კომიტეტმა სწორედ ეს პროექტები განიხილა.

-როგორც ვიცი, ამ სხდომებზე სერიოზული დებატები გაიმართა. რამ გამოიწვია კამათი?

- როგორც გითხარით, დებულებების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს გერმანელმა სპეციალისტებმა, მართალია გერმანელები ძალიან ლამაზ და კარგ კანონებს წერენ, მაგრამ მათი მორგება ჩვენს რეალობაზე ადვილი არ არის. სერიოზული კამათი გაიმართა, რომელშიც ოპოზიციაც მონაწილეობდა და პოზიციაც. ყველამ გამოთქვა თავისი აზრი, რის გამოც კანონში ბევრი რამ დარჩა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ საბოლოოდ ყველა ძირითად საკითხზე შევთანხმდით, კენჭი ვუყარეთ და დებულებებიც დავამტკიცეთ. ასე რომ, კონკურენციის სააგენტო 1 ოქტომბრიდან სრულყოფილ მუშაობას დაიწყებს.

- ბატონო პაატა, ხალხში ახალი კანონმდებლობის არასწორი ინტეპრეტაცია გავრცელდა: ბევრს ჰგონია, რომ მონოპოლისტად მიიჩნევა კომპანია, რომელიც ბაზრის 40%-ს, ან მეტს ფლობს.

- ეს მართლაც არასწორია შეხედულებაა: ბაზრის 40 პროცენტის ფლობა კი არ არის დანაშაული, ეს უბრალოდ, რისკფაქტორია. მოგეხსენებათ, რომ მსხვილ კომპანიას უფრო აქვს საშუალება მონოპოლიური მდგომარეობა დაიკავოს. ბაზრის 1, ან 2 პროცენტი ვისაც აქვს, იმას ნაკლებად აქვს ამის შანსი. შეიძლება კომპანია 40%-ზე მეტსაც ფლობდეს, მაგრამ არავინ მიიჩნიოს მონოპოლისტად, თუ ამ მდგომარეობას ბოროტად არ იყენებს. მონოპოლისტად ჩაითვლება მხოლოდ ის, ვისაც რაღაც დაუშვებელ ფაქტზე დაიჭერენ: ან ბაზრის გაკონტროლებას ცდილობს, ან - ფასების შეთანხმებას, ან კონკურენტის ჩაძირვა უნდა, ან სხვა უკანონო ხერხებს მიმართავს, როგორიცაა კარტელური შეთანხმება, კონკურენტთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება და ა.შ... მთავარია, საწარმომ, ან კომპანიამ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაიდინოს, თორემ თუნდაც ბაზრის 60, ან 80 პროცენტი ჰქონდეს, ეს დანაშაული არ არის. ამავე დროს, თუ საწარმოს აქვს 20 მილიონი ლარის ბრუნვა წელიწადში და თუ რაიმეს იყიდის, ან გაყიდის, ან რომელიმე სხვა კომპანიას შეუერთდება, ამ შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს უნდა აცნობოს. სააგენტო საქმის კურსში უნდა იყოს, რომ ბაზარზე მონოპოლია არ შეიქმნას. დავუშვათ, სააფთიაქო ქსელის მფლობელმა, რომელსაც წელიწადში 20 მილიონი ლარის ბრუნვა აქვს, გადაწყვიტა სხვა სააფთიაქო ქსელიც შეისყიდოს, ამის შესახებ სააგენტოს უნდა შეატყობინოს. კონკურენციის სააგენტო საფუძვლიანად შეისწავლის, ხომ არ გამოიწვევს ეს მონოპოლიის შექმნას და მხოლოდ ამის შემდეგ მისცემს შესყიდვის უფლებას იმიტომ, რომ ერთმა ფირმამ მთელი ბაზარი არ წაიღოს. სხვათა შორის, სერიოზული კამათი გვქონდა ამ 20 მილიონის გამოც: ზოგი ითხოვდა, რომ ზღვარი 2 მილიონი ყოფილიყო. მაგრამ წელიწადში 2-მილიონიანი ბრუნვა საქართველოში ძალიან ბევრ კომპანიას აქვს, თანაც, 2 მილიონი არ არის ისეთი ბრუნვა, რომელიც მონოპოლიის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის. ამიტომ, გავითვალისწინეთ უცხოეთის მაგალითებიც და ბოლოს 20 მილიონზე შევთანხმდით. როგორც დავთვალეთ, საქართველოში ასეთი 436 კომპანიაა. ზოგჯერ რამდენიმე ფირმაა გაერთიანებული, რომელთა ბრუნვაც საერთო ჯამში 20 მილიონი გამოდის.

- დავუშვათ, კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რომ ესა თუ ის ბიზნესსუბიექტი მონოპოლისტია. როგორ დაისჯება იგი?

- თუ ვინმეს ამ ტიპის გადახრები შეამჩნიეს, ბრუნვის 5 პროცენტით დააჯარიმებენ, რაც სერიოზული თანხაა. საწარმოს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, თუ კანონდარღვევა დაუმტკიცდა, ჯარიმას გადაიხდის და თუ არ დაუმტკიცდა, რასაკვირველია, არ გადაიხდის.

- ბაზრის რომელ სეგმენტებს შეისწავლის კონკურენციის სააგენტო?

- ეს უწყება ყველა სეგმენტს შეისწავლის, გარდა ფინანსურისა, რომლის შესწავლის უფლებაც სააგენტოს განსაკუთრებულ შემთხვევებში ექნება იმიტომ, რომ ფინანსურ სექტორს ძირითადად ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. დანარჩენი - გინდ საწვავი იყოს, გინდ სურსათი, ან სხვა სფერო, სააგენტოს ყველაფრის შემოწმების უფლება ექნება. ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელიც მიღებულია გერმანიაში. მართალია, საქართველოს თავისი სპეციფიკა აქვს და იქაურ მოდელს პირდაპირ ვერ გადმოვიღებდით, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგებისაგან ბევრი კარგი რამ გადმოვიტანეთ.

- თუ კომპანიას კონკრეტულ დანაშაულზე არ დაიჭერენ, მას მონოპოლისტობასაც ვერავინ დაუმტკიცებს, ალბათ ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება.

-კონკურენციის სააგენტოში მოქალაქეებიც მიდიან, რომლებსაც განცხადებები შეაქვთ, როდესაც ეჭვი აქვთ ამა თუ იმ ფირმის საეჭვო ქმედებებში. კოლეგიაზე ამ საჩივარს განიხილავენ და თუ შეამჩნევენ, რომ რაღაც მართლა საეჭვო ხდება, იწყებენ ამ კომპანიის კვლევას. ამიტომ, ამ პროცესში კონკურენციის სააგენტო მარტო არ იქნება, მოქალაქეებიც უნდა ჩაერთონ. მაგალითად: თუ პატარა აფთიაქი იჩაგრება, ის იჩივლებს, რომ ვიღაც ჩაგრავს და სააგენტო ამ საკითხს შეისწავლის. ასე რომ, კონკურენციის სააგენტო მონოპოლიებთან ბრძოლაში მარტო არ დარჩება.

- წლების განმავლობაში იყო ლაპარაკი კარტელურ გარიგებებზე ნავთობის ბიზნესში, სააფთიაქო ქსელში და სხვა სფეროებში. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

-სამწუხაროდ, ამ კითხვაზე სრულყოფილ პასუხს ვერ გაგცემთ: შეიძლება მე ჩემი ვარაუდი მქონდეს, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ვარაუდებზე ლაპარაკი არ მიყვარს. გვპირდებიან, რომ 1 ოქტომბრიდან ყველაფერს შეისწავლიან და ვნახოთ, იმედია ასე იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე