საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიიდან ფრენების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ განიხილება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს.
"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი. საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან ამ პროცესშია ჩართული. ყველა უწყებასთან ერთად კოორდინირებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვირუსის საქართველოში შემოღწევის პრევენცია მოხდეს. მთელი მსოფლიო ამ ბრძოლაშია გაერთიანებული. ჩვენ ვართ არამხოლოდ შიდაუწყებრივ კოორდინაციაში ჩართული, არამედ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაცია. მე ვარ მუდმივ კონტაქტზე სამეზობლო რეგიონში კოლეგებთან. დღესაც მქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბარი. ჟენევაში ვიზიტის დროს სომეხ კოლეგასთან საუბარი. მუდმივ კავშირზე ვარ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ირანთან, რადგან ბოლო შემთხვევა, რაც დაფიქსირდა, სწორედ ირანიდან წამოსული ადამიანისგან მომდინარეობს. ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენგან და ასევე ჩვენ მათგან ვიყოთ ინფორმირებულები იმ ზომების შესახებ, რასც ისინი იღებენ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, უცხოეთში მცხოვრები დიასპორისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს.
"ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან, დიასპორის წარმომადგენლებთან, აქტიური ურთიერთობა გვაქვს, ყველა საელჩოში არის ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმშია ჩართული. შემოდის კითხვები, ამ კითხვებზე ხდება პასუხების გაცემა. აეროპორტში მიღებულია საგანგებო ზომები. ყველა ის რეისი, რომელიც ჩამოდის, საგანგებოდ მოწმდება.
ჯერჯერობით, ამ მომენტში არ განვიხილავთ იტალიიდან ფრენების შეზღუდვას. იცით, რომ ორი ქვეყანაა - ჩინეთი და ირანი, ვისთანაც ფრენები შეზღუდული გვაქვს, მათ შორის სახმელეთო საზღვართან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან კონტაქტი, ვინაიდან ისინი არიან ტრანზიტული ქვეყნები“, - განაცხადა ზალკალიანმა.