ნორვეგიის სიმდიდრის ფონდი შარშან 180 მილიარდი დოლარით გაიზარდა

მსოფლიოში უდიდესი საინვესტიციო ფონდი - „ნორვეგიის ეროვნული სიმდიდრის ფონდი“ შარშან 1.69 ტრილიონი ნორვეგიული კრონით (180 მილიარდი დოლარით) შეივსო. ასეთი მკვეთრი მატება, სააქციო ბაზრის ზრდამ განაპირობა. ცნობისათვის, ამ ფონდისთვის, რომლის მოცულობაც 1.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ეს ყველაზე დიდი წლიური მატებაა.

„ფონდისთვის 2019 წელი ძალიან კარგი იყო. ფონდის ისტორიაში, ეს მისი ფასეულობის ყველაზე დიდი წლიური ზრდაა“, - ამბობს ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი ოეისტეინ ოლსენი, ვინც ამავდროულად, ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეცაა.

შარშანდელი მოგების მოსახლეობაზე (5.3 მილიონი) გადანაწილების შემთხვევაში, თითოეულს 34 000 დოლარი ერგება. ფონდის სიმდიდრის სრულად გადანაწილების შემთხვევაში კი თითოეულ მოქალაქეს (მათ შორის ბავშვებსაც) 207 000 დოლარი შეხვდება.

სიმდიდრის ფონდი 1996 წელს შეიქმნა და მისი დანიშნულება, მომავალი თაობებისთვის, ნავთობის მიმდინარე გაყიდვით მიღებული შემოსავლების შენახვაა. ის მთელს მსოფლოიოში, 9 000-ზე მეტი კომპანიის აქციების მფლობელია. მსოფლიოს სააქციო ბაზრებზე რეგისტირებული კომპანიების აქციების დაახლოებით 1.5 პროცენტი, სწორედ ნორვეგიის ეროვნული სიმდიდრის ფონდის საკუთრებაშია. მისი მოცულობა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ-ს) დაახლოებით სამჯერ აღემატება.

ფონდის შარშანდელი მოგების დიდი წილი, „ეპლის“, „მაიკროსოფტის“ და „ნესტლეს“ აქციებმა უზრუნველყო. ფონდის ხელთ არსებული აქტივებიდან, ყველაზე უარესი შედეგები „ნოკიას“, ფარმაცევტულ „პფიცერს“ და „სვედბანკს“ ჰქონდა.