პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის საკითხებს, რაც კანონში აქამდე სათანადო დონეზე არ იყო დარეგულირებული და არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მისი შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც იყოს გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომელიც სანდოობას შემატებს ბაზარს და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორების დაცვის მიმართულებით.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი რამდენიმე ძირითად საკითხს აერთიანებს, მათ შორის - საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციის და ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვას, დარეგულირებას და ამ საკითხებთან დაკავშირებულ ვალდებულებების დაწესებას.