"რეზონანსი" - მარაგი არის - საქართველოში სურსათის დეფიციტი არ გაჩნდება

როგორც კი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა საზოგადოება პანიკამ მოიცვა და თბილისში მაღაზიები ადამიანთა რიგებით იყო გადატვირთული. სოციალურ ქსელში უწყვეტად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ადამიანები საკვებს იმარაგებდნენ. არის თუ არა რეალურად საკვების დეფიციტის პრობლემა? სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლოა, საკვების მარაგი ამოიწუროს.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტებში პროდუქტების მომარაგება დაიწყო. პანიკა მოედო დედაქალაქის ყველა ნაწილს. მაღაზიებში ზოგიერთი დასახელების საკვები დახლებიდან გაქრა.

ქსელური სუპერმარკეტები მედიასთან საუბარს თავს არიდებენ და არ საუბრობენ იმ მარაგებზე, რომელიც რეალურად აქვთ, თუმცა ფაქტია - ერთ ღამეში სუპერმარკეტების დიდი ნაწილი საკვები პროდუქტებისგან დაიცალა. პატარა უბნის სუპერმარკეტებში კი დილიდანვე მომხმარებელს განახლებული ფასები დახვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქსელური სუპერმარკეტები არ აღიარებენ საკვების დეფიცტს სოციალურ ქსელში გავრცელებული ცარიელი დახლების ფოტოები და ის რეალობა, რაც ქალაქში ტრიალებს, სულ სხვა სურათს ხატავს.

სუპერმარკეტ "მარიანას“ დირექტორი მარინა სალაყაია აცხადებს, რომ გუშინ ღამის 11 საათიდან მის მაღაზიაში უწყვეტად მოდიოდა ხალხი და მიჰქონდა ისეთი პროდუქტები, რომელსაც დიდხანს შენახვის ვადა აქვს. შესაძლოა საწყობები მწყობრში არიან და მარაგიც აქვთ, თუმცა სავაჭრო ობიექტის მფლობელი დისტრიბუციაში პრობლემებს მაინც ელოდება.

„განუწყვეტლივ მოდიოდა ხალხი და ყიდულობდნენ ბრინჯს, ფქვილს, წიწიბურას შაქარს და მარილს. მედიამ იქონია გავლენა ხალხზე და თავს იზღვევენ, პანიკიორი ერი ვართ და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება ან სახელმწიფომ, ან მარკეტებმა უარყონ საკვების შესაძლო დეფიციტის შესახებ ინფორმაცია, მართლა არ მესმის. ჯერ მხოლოდ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა კორონავირუსი და მაშინვე ასეთი ფორსმაჟორი გვქონდა. ეს რომ გაგრძელდეს, საერთოდ რა მოხდება კაცმა არ იცის,“ - განუცხადა "რეზონანსს" მარინა სალაყაიამ.

რეალურად შეიქმნება თუ არა ბაზარზე საკვების დეფიცტი ამაზე მსჯელობას სპეციალისტები ნაადრევად მიიჩნევენ. მათი აზრით, საქართველოში საკვების მარაგი არ ამოიწურება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ბაზარი სტაბილურია და საკვების დეფიციტის საშიშროებას ქვეყანა არ განიცდის.

„დღევანდელი მდგომარეობით საკვების მარაგი საკმარისზე მეტია. დეფიციტი არც ერთ შემთხვევაში არ შეიქმნება. მარაგი ზოგადად ყოველთვის გვაქვს, არა იმიტომ, რომ პრობლემა შეიქმნა, არამედ ზოგადად, კომპანიებს პროდუქცია მომარაგებული აქვთ ხოლმე. საზღვრები ჩაკეტილია მხოლოდ ჩინელი და ირანელი ტურისტებისთვის. ასე რომ, პროდუქტის შემოტანა შეზღუდული არ არის, საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის გარეშე დავრჩეთ არ არსებობს. ფასების ზრდაც არ არის მოსალოდნელი. საქართველოსთვის ძირითადი მომწოდებლები უკრაინა, თურქეთი და რუსეთი არიან, ამ მხრივ არ არსებობს მოწოდების პრობლემა, არც ევროპიდან გვაქვს რაიმე სახის შეფერხება. უნდა ვიყოთ წყნარად, საკვები პროდუქტის მარაგი გვაქვს და არც შემოტანის შეზღუდვა იგეგმება“, - განაცხადა ჭყონიამ.

„ნიკორას“ წარმომადგენელი ანა კოშაძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ წუხელ არცერთ ფილიალში განსაკუთრებული აქტივობა არ შეინიშნებოდა.

„საკვების მარაგი, როგორც სხვა დროს, ისევე გვაქვს ახლაც. დღეს ერთ-ერთ დიდ ფილიალში ვიყავი და ჯერჯერობით ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მომავალში რა იქნება არ ვიცით“ - დასძინა ანა კოშაძემ.