ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა აჭარის რეგიონში სხვა პირებთან ერთად დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში თითქოსდა მუშაობის შესახებ, რომლებიც შემდგომში, სხვადასხვა პირებმა საბანკო დაწესებულებებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.