გენერალური პროკურატურის რიგ თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ - რა სარგოს იღებენ უწყებაში

გენერალური პროკურორის 21 თებერვლის ბრძანებით მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ლარია; მისი პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; გენერალური პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -4 600 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 4 000 ლარი აქვს. მაშინ როცა, წინა, 2019 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთი -4 100 ლარი, სამმართველოს უფროსის კი - 3 500 ლარი იყო.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, I კატეგორიის მრჩეველთა ანაზღაურება 1500-2100 ლარის ფარგლებშია; ხოლო II კატეგორიის მრჩევლების - 1500-1800 ლარის ფარგლებში.

დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 500 ლარია ( წინა ბრძანებით 3 ათასი); განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 3 400 ლარი (წინა ბრძანებით 2900 ლარი იყო). ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 960 ლარია, მაშინ როცა წინა 2019 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებით - 480 ლარი იყო.

ბრძანებაში განსაზღვრულია ასევე თბილისის პროკურატურის ყოველთვიური სარგოებიც. კერძოდ, თბილისის პროკურორს თვეში 5 600 ლარი, პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსსა და პროკურორის მოადგილეს კი, 4600-4600 ლარი აქვთ, მაშინ როცა წინა ბრძანებით ამ პოზიციაზე - 4100-4100 ლარი იყო განსაზღვრული. განყოფილების უფროსის ყოველთვიური სარგო 3 940 ლარია (წინა ბრძანებით - 3 270 ლარი იყო) მის მოადგილეს - 3 500 ლარი, მაშინ როცა 2019 წლის ოქტომბრის ბრძანებით თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიურ განაკვეთად 3000 ლარი იყო განსაზღვრული, პროკურორს - 2 955 ლარი, უფროს გამომძიებელს კი 3000 ლარი აქვს, მაშინ როცა წინა ბრძანებით მათი ანაზღაურება შესაბამისად, 2 455 და 2 500 ლარი იყო.

თაია არდოტელი